დიდი წმიდანი სპირიდონ ტრიმიფუნტიელი.

წმ. სპირიდონ ტრიმითუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუნტის ეპისკოპოსი. (დ. დაახლ. 270, კვიპროსი — გ. 348, ტრიმითუნტი, კვიპროსი) — ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი მოღვაწე. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) მონაწილე წმინდა მამა. არიოზის მწვალებლობის მამხილებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით — 25 დეკემბერი.

იმპერატორი კონსტანციეს II. 

ანტიოქიაში ყოფნისას მძიმედ დაავადდა. მისი განკურნება ექიმებმა ვერ შეძლეს. იმპერატორმა ღამით სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. იმპერატორმა ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. გახარებულმა იმპერატორმა მთელი დღე წმ. სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო – როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა). იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ წმ. სპირიდონის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმ. სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

ერთხელ წმ. სპირიდონი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო და როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, ანგელოზებმა გალობით გააგრძელეს „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და

 რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. ერთ ღამესაც პატრიარქს ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმ. სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

დიდი წმიდანი სპირიდონ ტრიმიფუნტიელი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება