7 მარტივი რჩევა, თუ როგორ იყო მეტად ეკო-მეგობრული მოგზაური
მოგზაურობა სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. იმის მიუხედავად, რომ მოგზაურობა საშუალებას გაძლევს აღმოაჩინო ახალი კულტურა და ტრადიციები, მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს გარემოზე და კლიმატის ცვლილებაზე. შენი ყოველი საქციელი დადებითად ან უარყოფითად აისახება ჩვენს პლანეტაზე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პასუხისმგებლიანი მოგზაური ხარ.
რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოსა და კლიმატის ცვლილებაზე? ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი, როგორიცაა რამდენიმედღიანი ხანძრები, ქარიშხლები, წყალდიდობები და მიწისძვრები, უკვე სათვალავს აჭარბებს. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა და ბუნებისადმი უგულვებელყოფა იწვევს სწორად ასეთ კატაკლიზმებს.
კლიმატის ცვლილებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ინტენსიური საწარმოო საქმიანობაა. ჩვენ უფრო ხშირად მანქანებს, სხვადასხვა ქარხნებსა და ქვანახშირის ელექტროსადგურებს მოვიაზრებთ მთავარ პრობლემად.
მართალია, მსგავსი საქმიანობით გამოფრქვეული და ატმოსფეროში დაგროვილი სითბური აირები აფერხებს დედამიწიდან სითბოს გადინებას და შესაბამისად გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია, თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მოგზაურობა ამ პრობლემის კიდევ ერთი მნიშნველოვანი ნაწილია.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა ჩამომეწერა, რომელსაც მე მოგზაურობისას შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ, რათა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების შეჩერებასა და შემსუბუქებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
აირჩიე მიმართულება
სამწუხაროდ, მოგზაურობის უმეტესობა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ მოგზაურობა საერთოდ უნდა შევწყვიტოთ. ნახშირბადის კვალის (carboon footprint) შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზა სახლთან/ქვეყანასთან ახლოს მოგზაურობაა.
რაც უფრო შორს მიდიხარ, მით მეტი საწვავი გჭირდება იქ მისასვლელად (იმ შემთხვევაში თუ არ ვიყენებთ ველოსიპედს ან ელექტრომანქანას). შესაბამისად, ერთ-ერთი რჩევაა, ჯერ კარგად მოვინახულოთ და მოვიაროთ საკუთარი ქვეყანა და შემდეგ ვიფიქროთ სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე.
რა თქმა უნდა, მესმის, ზოჯერ გვჭირდება და ძალიანაც გვინდა სხვაგან მოგზაურობა, სხვა კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და ყველგან მანქანითა თუ ველოსიპედით ვერც მივალთ. ისიც ვიცი, რომ განახლებადი ენერგიით აღჭურვილი ელექტროთვითმფრინავები შორეული ოცნებაა.
ამიტომ, ავიბილეთების ძიებისას დააკვირდი რომელი ავიაკომპანია და თვითმფრინავი გამოყოფს ნაკლებ ნახშირბადს და სწორედ მას მიანიჭე უპირატესობა. ისეთი დაბალბიუჯეტური კომპანია, როგორიც Wizz Air-ია, ისიც კი აჩვენებს შენი არჩეული მიმართულებით რამდენი პროცენტით ნაკლებ ნახშირბადი გამოიყოფა თვითმფრინავის მიერ.
აირჩიე შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება
ხშირად დანიშნულების ადგილამდე სწრაფად და იაფად მისასვლელი გზები ყველაზე ენერგოეფექტური როდია. მოგზაურობის დაგეგმვისას, შეგიძლია იპოვო ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ნაკლები გავლენა ექნება?
მატარებლით მოგზაურობა ძალიან მიყვარს და სიმართლე გითხრა, თვითმფრინავსაც მირჩვენია. კლიმატისთვის კი, მატარებელი ბევრად უკეთესია, ვიდრე მოკლე მანძილზე თვითმფრინავთ გადაადგილება, ან მანქანისა თუ ავტობუსის გამოყენება.
სამწუხაროდ, საქართველოში სწრაფი მატარებლები არ გვყავს და მოკლე მანძილის დაფარვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
აი, საზღვარგარეთ მოგზაურობისას კი, გირჩევ ყოველთვის მატარებელზე გააკეთო არჩევანი. გარდა იმისა, რომ მატარებლები საზღვარგარეთ სწრაფი და კომფორტულია, მისით მგზავრობა შესაძლებლობას გაძლევს დააკვირდე ადგილობრივების ცხოვრების წესს, გაესაუბრო მათ და დაათვალიერო ლიანდაგთან ახლოს გაშენებული პატარა ქალაქები თუ სოფლები, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ ნახავდი.
თუ მაინსდამაინც მანქანით მოგზაურობა გირჩევნია, არსებობს “დამგზავრების” აპლიკაცია BlaBlaCar. უთითებ დროს და ქალაქების მიმართულებას, აპლიკაცია კი გაჩვენებს ვინ მიდის იმავე მიმართულებით. მცირე თანხის გადახდით შეგიძლია დაემგზავრო. სამწუხაროდ, აპლიკაცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებს.
მოერიდე პლასტმასასა და ერთჯერად ნივთებს
ეს რჩევა არა მარტო მოგზაურობისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა გაითვალისწინო. Ყოველ წელს პლასტმასას გამოყენება მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად იზრდება და პანდემიამ კიდევ უფრო დამატებითი ნარჩენი წარმოქმნა.
გაეროს გარემოს შეფასებით, ჩვენ ყოველწლიურად 300 მილიონ ტონა პლასტმასას ნარჩენს ვაწარმოებთ, რაც თითქმის მთელი ადამიანური პოპულაციის წონის ტოლფასია!
პლასტმასა არა მხოლოდ უზარმაზარ პრობლემებს უქმნის ზღვის ბინადრებს, არამედ, ხელს უწყობს ნახშირბადის გლობალურ ემისიას მისი მოპოვების, წარმოების და დაწვის გზით.
IATA-ს შეფასებით კი, ავიაკომპანიები ყოველწლიურად აწარმოებენ დაახლოებით 6,7 მილიონ ტონა ნარჩენს ბორტის საკვებით, რომელთა დიდი პროცენტი პლასტმასას ნარჩენია.
კარგი ამბავი ისაა, რომ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანია ცდილობს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას მოხმარებიდან ამოღებას.
სიმართლე გითხრა, მე თვითონ არ ვამოწმებ რამდენად შემცირებული აქვს იმ ავიაკომპანიას ერთჯერადი პლასტმასას მოხმარება ბორტზე ვისგანაც ბილეთს ვყიდულობ. ხშირ შემთხვეაში, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით დავფრინავ, სადაც კვება ისედაც არ შედის და დამატებითი თანხა ღირს.
თუ ფრენა რამდენიმესაათიანია, მაგალითად 4-5 საათამდე, ჩემი წასახემსებელი ამაქვს ბორტზე. გაითვალისწინე, რომ ბორტზე სველი საკვების ატანა არ შეგიძლია. მაგალითად, მე თხილეულს, ბანანს, ან ჩირებს ვილაგებ ხოლმე.
ქვეყანაში ჩასვლისას კი ვერიდები მაღაზიიდან წყლის ყიდვას, რადგან ესეც ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას. გამოსავალი სამოგზაურო მრავალჯერადი ბოთლია, რომელიც ამაზონიდან მაქვს გამოწერილი. ზოგი ბოთლი სილიკონისაა, იკეცება და საერთოდ არ იკავებს ადგილს ბარგში. თუ ქალაქის დათვალიერებისას ყავა მომინდება, ამასაც ჩემს დასაკეც სილიკონის ჭიკაში ვასხმევინებ.
გამოიყენე უფრო ეკო-მეგობრული პროდუქტები
რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, მასწარმოებულ ჰიგიენურ პროდუქტებზე უარი ვთქვი და უფრო ეკო-მეგობრულ, ნატურალურ და უნარჩენო პროდუქტების მოხმარება დავიწყე.
მაგალითად, არ ვხმარობ თხევად შამპუნს რომელიც გაჯერებულია ათასი მავნე ნივთიერებით. სანაცვლოდ, ვიყენებ მყარ შამპუნს, რომელსაც მყარი საპნის ფორმა აქვს. მყარი წასასმელი დეოდორანტით ჩავანაცვლე ყველა თხევადი, სპრეი თუ ბურთულიანი ვარიატი. ტანისთვისაც გელის ნაცვლად სურნელოვან და ბუნებრივ საპონს ვხმარობ. კბილის ჯაგრისიც ბამბუკის მაქვს და კბილის პასტაც ბუნებრივი (ხან პასტის სახით, ხან პუდრის).
Eco friendly products
ეკო-მეგობრული ჰიგიენური პროდუქტები
ალბათ იკითხავ, სად ვპოულობ მსგავს ნივთებს? თავიდან საკმაოდ რთული იყო ასეთ ცხოვრების წესზე გადასვლა, რადგან საქართველოში არაფერი მსგავსი არ იშოვებოდა და ამაზონიდან თუ სხვა ვებგვერდებიდან მიწევდა გამოწერა. საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და აქაც გამოჩნდნენ კომპანიები რომლებიც ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქციას ქმნიან. ჩემი ბოლო ფავორიტი აღმოჩენა კირკეა. ბოლო რამდენიმე თვეა მის პროდუქციას ვიყენებ და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ზოგი შეფუთვა არც ისე ეკო-მეგობრული აქვს.
რატომ მოვაყოლე ამხელა შესავალი? მოგეხსენება, მოგზაურობისას ხელბარგში 100 მილილიტრზე მეტი სითხის ატანა არ შეგვიძლია. ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოების კონტროლის გავლისას, აეროპორტის თანამშრომელს მოუთხოვია ჩანთის გახსნა და ნივთების დათვალიერება. მყარ პროდუქციაზე გადასვლის შემდეგ, არც წონის, არც მილილიტრაჟის და არც კონტროლის გავლისას რაიმე შეფერხება ან პრობლემა არ მქონია. მეტიც, თხევადი პროდუქციის გადასხმა-გადმოსხმაც აღარ მიწევს.
დარჩი პატარა სასტუმროში
სასტუმროს შერჩევისას შეეცადე, უარი თქვა დიდ ქსელურ სასტუმროებზე და სანაცვლოდ პატარა, ბუტიკურ ან თუნდაც საოჯახო სასტუმროში გაჩერდე.
საოჯახო სასტუმრო კომლი გურიაში
მსგავს სასტუმროები ადგილობრივად მოიპოვებენ პროდუქციას და მომწოდებლებს, რაც ეხმარება ადგილობრივ ეკონომიკას და ამცირების მიწოდების ჯაჭვის ემისიებს, რასაც ვერ ვიტყვი ქსელურ სასტუმროებზე.
ასევე არსებობს საიტები, Green Hotels და Wayaj, სადაც ეკო-მეგობრულ და “მწვანე” სასტუმროები შეგიძლია მოიძიო.
დაზოგე რესურსები
მოგზაურობის დროს ენერგიისა და წყლის დაზოგვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახლში. სასტუმროს ნომრიდან გასვლისას აუცილებლად გამორთე ტელევიზორი და ჩააქრე შუქი. ეცადე მიიღო ხანმოკლე შხაპი და დიასახლისს აცნობე, რომ თეთრეულისა და პირსახოცების ყოველდღე გამოცვლა არ გინდა. ეცადე კონდიციონერი (რომელიც კარბონს (HFC) აფრქვევს ჰაერში) მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენო თუ აბსოლუტურად აუცილებელია. ბევრად უკეთესია, ჰაერისთვის და ბუმებრივი ნიავისთვის ფანჯარა ან აივნის კარი დატოვო ღია.
იყიდე ნაკლები, გააკეთე მეტი
გარემოზე ჩვენი არასასურველი კვალის ნაწილი სხვადასხვა ნივთების ყიდვაა, არაქვს მნიშველობა ტანსაცმელია ეს, ავეჯი, სადღესასწაულო დეკორაციები, თუ მაცივარზე მისაკრობი მაგნიტი.
მოგზაურებისას მეტი ყურადღება მიაქციე რას ყიდულობ და დაფიქრდი, ნამდვილად გინდა ის სუვენირი რომელიც ხელში გიჭირავს? თუ რამდენიმე თვეში/წელიწადში მოგბეზრდება მისი ყურება და ნაგავსაყრელზე მოისვრი? ნამდვილად სჭირდება მამას კიდევ ერთი ლუდის კათხა, ან დედას კიდევ ერთი ყავის ჭიქა?
ამას აჯობებს ისეთი სუვენირი შეარჩიო რომელსაც ნამვილად კარგად გამოიყენებს და თაროზე სხვა ნივთებთან ერთად არ შემოდებს. ეცადე, არასაჭირო და იაფფასიანი ნივთების შეძენა რაც შეიძლება შეზღუდო, სამაგიეროდ მოძებნე ისეთი ნივთები რომელიც მრავალჯერადი და გამძლეა.
ქალაქის დათვალიერებისას, მოერიდე ავტობუსის ე.წ hop-on hop off ტურებს. სანაცვლოდ, გაისეირნე ფეხით. ასე უფრო მეტ რამეს აღმოაჩენ და უფრო მეტ ღირსშესანიშნავ ადგილს ნახავ, ვიდრე სტანდარტული და გაწერილი ტურით.
და ბოლოს,
მოგზაურობა არაფრით განსხვავდება იმ ქმედებიბისგან რომელსაც სახლში ყოფნისას ვაკეთებთ კლიმატის ცვლილებების შესამცირებლად.
ვიცი, ჩვევის შეცვლა არც ისე ადვილია. თუმცა პატარა ნაბიჯებით იწყება ყველაფერი.
კომენტარები