2.
თუმცა, სოლანინი და ნიკოტინი დიდი დოზებით ისევე მომაკვდინებელია, როგორც მათი მონათესავე ძაღლყურძენა. პომიდვრის ფოთლებიდან ძლიერმოქმედი ინსექტიციდის დამზადებაა შესაძლებელი. ერთ ღერ სიგარეტში შემავალი ნიკოტინი მომაკვდინებელია უშუალოდ სისხლში მოხვედრისას. თუ ერთ ღერ სიგარეტს შეჭამთ, შეიძლება ძალიან ცუდად გახდეთ, ხოლო თუ ათს მიირთმევთ, ნამდვილად მოგეღებათ ბოლო. 1976 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ორსულებს მოუწოდა, რომ კარტოფილის გაფცქვნის დროს რეზინის ხელთათმანები გამოიყენონ, ხოლო ერთ სადილზე კილოგრამზე მეტი კარტოფილი არ მიირთვან, რაც გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა.
მწეველთა ბედად, სიგარეტში შემავალი ნიკოტინის უმეტესი ნაწილი ფილტვებში მოხვედრამდე იწვება. მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ იგი არ სვრის თითებს, კბილებს ან ლუდხანის ჭერს. ის არა მხოლოდ უფერულია, არამედ წყალში ხსნადიც, ამიტომ შორდება ხელის დაბანისას. მწეველის თითებზე კუპრის ლაქები რჩება.
თამბაქოს სამეცნიერო სახელწოდებაა Nicotiana tabacum. მცენარის სახელწოდება და სიტყვა ნიკოტინი მომდინარეობს ლისაბონში საფრანგეთის ელჩის ჟან ნიკოს (1530-1604) სახელიდან, რომელმაც პირველმა შეიტანა თამბაქო საფრანგეთში 1560 წელს. თავდაპირველად, იგი მას პოპულარიზაციას უწევდა როგორც სამკურნალო საშუალებას, რომელიც ჭრილობებს აშუშებდა და სიმსივნეს კურნავდა. მან მცენარე საფრანგეთის დედოფალს, ეკატერინე მედიჩის ბურნუთის სახით გაუგზავნა. როდესაც დედოფალს შაკიკმა გაუარა, იმდენად აღფრთოვანდა, რომ მისი ბრძანებით მცენარეს „დედოფლის ბალახი“ უწოდეს.
სუფთა ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შხამია ცნობილ შხამებს შორის: სტრიქნინზე 1,5-ჯერ, ხოლო დარიშხანზე 3-ჯერ მეტად ტოქსიკური. თამბაქოში არის დარიშხანიც, იმ 4000 სხვა ქიმიურ ნივთიერებასთან ერთად, რომელთაგან 200 კანცეროგენულია, მათ შორის ფორმალდეჰიდი (რომელსაც გვამების შესანახად იყენებენ), აცეტონი (ფრჩხილების ლაქის მოსაცილებლის მთავარი ინგრედიენტი), კადმიუმი (იყენებენ ბატარეებში) და ციანწყალბადმჟავა (ნაცისტურ სიკვდილის ბანაკებში გამოყენებული აირი).
კომენტარები