ჰიკომორი-ჩუმი გაუჩინარება
🧚
ეს ფენომენი ათწლეულებია დიდ პრობლემას წარმოადგენს იაპონიაში.
სიტყვა ჰიკიკომორი მოდის ზმნიდან უკან დახევა, თვითიზოლაცია.
ამ დროს ადამიანები იკეტებიან სახლში და გარესამყაროსგან სრულიად იზოლირებულები ცხოვრობენ თავიანთ ოთახში, ხშირად მშობლების სახლში და მშობლების იმედად. ჰიკიკომორი შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე ათწლეულამდე გაგრძელდეს.
მიზეზები მრავალფეროვანია. ხშირად ეს ყველაფერი ბავშვობაში იწყება. იაპონიაში სუფევს ძალიან მკაცრი და რიგიდული განათლების და სამუშაო წესები და მორალი. მშობლები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ შვილის წარჩინებულ სწავლას სკოლაში, შემდეგ საუკეთესო უნივერსიტეტში. ეს ყველაფერი უნდა დაგვავიწყდეს კარგ კომპანიაში მუშაობით თვითშეწირვის დონემდე.
ამხელა წნეხს ყველა ვერ უძლებს. ჩამორჩენას და წარუმატებლობას ხშირად ბულინგი მოჰყვება, რაც სირცხვილის და უკმარისობის გრძნობით დატანჯულ ადამიანებს სოციალურ იზოლაციაში “უშვებს”.
კომორბიდულად არც თუ ისე იშვიათია ფსიქოლოგიური აშლილობები, როგორიცაა:
– შიზოფრენია
– დეპრესია
– შფოთვითი აშლილობა
– სოციალური ფობია
– პიროვნების აშლილობა
თუმცა სოციო-კულტურული ფაქტორები წამყვან ან მაპროვოცირებელ როლს თამაშობენ.
დიგიტალურმა ხანამ ჰიკიკომორზე სასუქივით იმოქმედა, თუმცა იმედიც მოიტანა, რომ ონლაინ თერაპიები და ჯგუფები დადებით ეფექტს იქონიებს ამ ადამიანების რესოციალიზაციაზე.
ჰიკიკომორი კი იაპონური სიტყვაა, თუმცა მსგავსი ფენომენი სხვა ქვეყნებშიც აღინიშნება.
სოციალური წნეხი, მშობლების გადაჭარბებული და ისტერიული ფოკუსი შვილების განათლებასა და წარმატებაზე, წარუმატებლობის დიდი სოციალური სტიგმა, ბულინგი – ეს ყველაფერი, მითუმეტეს ერთად აღებული, ბევრ ადამიანს გატეხავს და აავადებს.
ჩვენი – საზოგადოების ვალდებულებაა ყურადღებით ვიყოთ თანამოქალაქეების მიმართ, არასდროს გავრიყოთ არავინ, არც კი გავბედოთ ვინმეზე ბულინგი!
ოჯახის ვალდებულებაა პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და არა ამ ბავშვის ინსტრუმენტალიზებაზე, რომ მან უმაღლეს სოციო-ეკონომიკურ სტატუსს მიაღწიოს, განსაკუთრებით სხვების დასანახად.
ყველა ერთნაირი არ არის… საბედნიეროდ!
ემპათია და ურთიერთპატივისცემა – ეს უნდა იყოს ყველა ურთიერთობის არსი, საფუძველი.
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
✓ ჰაუსი
კომენტარები