ჩინური დრაკონი

როგორც ჩინური კოსმოგონია გვასწავლის, სამყაროს შემადგენელი ათი ათასი არსება ორი ერთმანეთის შემავსებელი და მარადიული საწყისის, ინისა და იანის ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად წარმოიშვა. ინს მიეკუთვნება – კონცენტრაცია, სიბნელე, პასიურობა, წყვილი რიცხვები და სიცივე. იანს – ზრდა, სინათლე, ვნება, კენტი რიცხვები და სითბო. ინი ქალურობის, დედამიწის, ნარინჯისფრის, დაბლობების, მდინარეების, კალაპოტებისა და ვეფხვის სიმბოლოა, იანი – მამაკაცურობის, ზეცის, ლურჯი ფერის, მთების, სვეტებისა და დრაკონისა.

ჩინური დრაკონი ლუნგი ოთხ მაგიურ ცხოველთაგან ერთ-ერთია (დანარჩენები არიან მარტორქა, ფენიქსი და კუ). ევროპის დრაკონი უკეთეს შემთხვევაში საზარელია, უარეს შემთხვევაში – სასაცილო.

ლუნგი კი გადმოცემების მიხედვით რანგით ღმერთებს უტოლდება და ანგელოზს მოგვაგონებს, რომელიც ამავდროულად ლომიცაა. ერთხელ კონფუცი არქივარიუსსა და ბიბლიოთეკარ ლაო-ძის გაენდო და რჩევა ჰკითხა. მარტოდ დარჩენილმა კი ასეთი რამ თქვა: „ფრინველები დაფრინავენ, თევზები დაცურავენ და ცხოველები დარბიან. ვინც დარბის, იმას მახეს დაუგებ, ვინც ცურავს, იმას ბადით დაიჭერ, ხოლო ვინც ფრენს, ისრით განგმირავ. მაგრამ რა შეიძლება მოვუხერხოთ დრაკონს? მე არ ვიცი, როგორ აჭენებს ის ქარებს, არც ის ვიცი, ზეცაში როგორ აიჭრება ხოლმე. მე დღეს ლაო-ძი ვნახე და შემიძლია ვთქვა, მე ვნახე დრაკონი”. – ვკითხულობთ სიმა ციანის ისტორიულ მემუარებში.

ერთი დრაკონი ან ცხენი-დრაკონი ამოვიდა ყვითელი მდინარიდან და კეისარს ჩვენთვის კარგად ცნობილი მრგვალი დიაგრამის შესახებ უამბო, რომელიც ინისა და იანის ურთიერთობის სიმბოლოა; ერთ ხელმწიფეს თავლაში აღვირითა და უნაგირით შეკაზმული დრაკონი ება; ერთიც დრაკონის ხორცით იკვებებოდა და მისი სამფლობელო ყვაოდა. ერთმა პოეტმა კი იმის კარგად გასააზრებლად, თუ რა საფრთხე ახლავს განდიდების სენით შეპყრობას, ასეთი მაგალითი მოიყვანა: „მარტორქა სიცოცხლეს ლორის ნაჭრებად ამთავრებს, დრაკონი – ხორციან ღვეზლად“.

ი ძინში (ცვლილებათა წიგნში) დრაკონი სიბრძნის სიმბოლოა. ასწლეულობის განმავლობაში დრაკონი იმპერატორის სიმბოლოს წარმოადგენდა. იმპერატორის ტახტი დრაკონის ტახტად იწოდებოდა, მისი სახე კი დრაკონის გამოსახულებად. იმპერატორი რომ გარდაიცვლებოდა, ასე ამბობდნენ, დრაკონზე ამხედრებული ცად აიჭრაო.

ხალხის რწმენით, დრაკონი ღრუბლებს, სოფლის მოსახლეობისგან ხშირად ნანატრ წვიმას და დიდ მდინარეებს განაგებდა, ხოლო წვიმაზე ლაპარაკისას იყენებენ ცნობილ გამოთქმას:

„დედამიწა დრაკონს შეერწყაო“.

დაახლოებით VI საუკუნეში ჩან ძინ-იუმ დახატა ფრესკა, რომელზეც ოთხი დრაკონი იყო გამოსახული.

მნახველებმა მხატვარი გააკრიტიკეს, რადგან მის დრაკონებს თვალები არ ჰქონდათ. განრისხებულმა ჩანმა ფუნჯს ხელი დაავლო და, როგორც კი ორი დრაკონისთვის თვალების მიხატვა დაასრულა, „ჰაერი ჭექა-ქუხილმა გააპო, კედელი გაიბზარა და დრაკონები ცაში აიჭრნენ. ხოლო მეორე წყვილი, რომელთაც თვალები არ ჰქონდათ, ფრესკაზე დარჩა“.

ჩინურ დრაკონს რქები, ბრჭყალები და ქერცლი აქვს, ზურგი კი ეკლებით აქვს დაფარული. მას, როგორც წესი, ხახაში ერთი ცალი მარგალიტით გამოსახავდნენ, რომელიც მზის სიმბოლოა. მისი ძალა ამ მარგალიტშია. თუ ვინმე მისთვის მარგალიტის წართმევას მოახერხებს, დრაკონი მთელ თავის თვისებებს კარგავს.

ჩუან ძი მოგვითხრობს ერთ შეუპოვარ კაცზე, რომელიც დრაკონების მოკვდინების ხელოვნებას სამი სირთულით აღსავსე წელი ეუფლებოდა, მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში მას არ მიეცა ამ ცოდნის გამოყენების საშუალება.

Published in ბუნება, განათლება, თინეიჯერული თემები, მოგზაურობა
ირაკლი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ჩინური დრაკონი

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება