შექსპირი – 1-ლი და 2-რე სონეტი
1-ლი სონეტი
მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,
შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!
ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!
მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,
მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,
რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,
მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!
წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.
მე -2 სონეტი
როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი,
მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით ნაოჭდებიან,
ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი,
და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.
მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის სხივებს,
საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,
შენ უპასუხებ: „სილამაზეს სამარედ მივეც
ეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი დატანჯულები“.
შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება,
არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან სათქმელად:
„აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება,
ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“.
მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს იარები
და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები!
კომენტარები