შექსპირი – მე-7 და მე-8 სონეტი 

შექსპირი – მე-7 სონეტი

ხედავ მეწამურ განთიადის გასხივოსნებას?

ცამ მოახურა ანთებული რიდე ბუნებას,

მზის ჩირაღდანი გულს იტაცებს, როგორც ოცნება,

მიწაც შეჰყურებს უზენაეს დიდებულებას.

როდესაც მნათობს, ცის უმაღლეს წვერზე აყვანილს

შუადღისპირას შეეტყობა დავაჟკაცება,

მოკვდავთა მზერა მაინც მისკენ ილტვის თაყვანით,

მისი რონინი, ღვთაებრივი, გვყოფნის განცდებად.

მაგრამ როდესაც კაბადონი დაიბინდება

და მზე ბებერი ნაპრალებში კვდება წვალებით,

მაშინ არავის აგონდება მისი დიდება

და მზერას უკვე იტაცებენ სხვა მწვერვალები.

მალე ჩაქრება იმ მზესავით შენი მნათობიც,

რადგან უშვილოდ რჩები შენი უნიათობით.

შექსპირი – მე-8 სონეტი

მუსიკის ხმების გაგონება რატომ განაღვლებს,

როცა თავად ხარ შენ მუსიკის გამომსახველი!

რატომ გაღონებს სიხარული, რაც სულს ანახლებს,

და ასე რატომ გახალისებს მწარე ნაღველი?!

როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები,

ტკბილხმოვანებით გული რად გაქვს ნაიარევი?

ალბათ ჰანგებში საყვედური გესმის განგების,

ქვეყანაზე რომ ასე კენტად დაიარები.

გესმის?! ნამდვილი ტრფიალია სიმების ხმაში!

ყური დაუგდე შეთანხმებულ ჟღერას სამხმიანს,

თითქოს დედ-მამას აჰყოლია პატარა ვაჟი

და შენს სასმენად ერთ სიმღერას შემოსძახიან.

“ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა,

ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა.”

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

შექსპირი – მე-7 და მე-8 სონეტი 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება