ღორი და ლომი(იგავ-არაკი)
ერთხელ ღორს, რომელიც დღემუდამ ტალახსა და ლაფში კოტრიალობდა, ცხოველთა მეფობა მოესურვა. იხმო მოძმეები და უთხრა:
– ეს ლომი ნეტავ ვინ დაგვისვა მეფედ, ეყო რაც აქამდე იმეფა, ახლა ჩვენი დრო არის, რითი გვჯობია, ერთი ეგაა რომ ფაფარი აქვს, თუ მაგაზეა საქმე ჩვენც ვიშოვითო.
ითათბირეს ღორებმა და გადაწყვიტეს. იმ ტყეში ერთი მელია იყო დალაქად, დიდი მლიქვნელი და ფარისეველი. მოელაპარაკნენ და ლომი რომ დალაქთან მივიდოდა დასავრცხნად, სავარცხელზე შერჩენილი ფაფარის ღერები უნდა მოეგროვებინა და მათთვის მიეცა.
მელამ იფიქრა: -რას ვკარგავ, ლომთან ხომ კარგი ურთიერთობა მაქვს, ამას ვუდალაქებ, მაგრამ… ვინ იცის, დრო შეიცვალოს, ღორი მართლაც გამეფდეს, რაზე მოვიმდუროო.
გავიდა დრო, ფაფარი საკმაოდ დაგროვდა, მელიამ იდალაქა და ღორს ფაფარი კოხტად მოარგო.
ღორი გამოვიდა, ლომისთვის განკუთვნილ შემაღლებულ ადგილზე დადგა და თავი მეფედ გამოაცხადა. ტყის ბინადრების ხარხარმა შეძრა მთელი ტყე.
ლომი შორიდან უყურებდა და იღიმოდა. ღორმა თვალი მოავლო მთელ ტყეს და მის ბინადართ და შეეცადა ლომივით დაეღრიალა, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ჭყვიტინის ხმა აღმოხდა.
ხარხარმა ისევ გადაურბინა ტყეს.
ჩამოცხა, შეწუხდა ღორი, ფაფარმაც ძალიან დასიცხა. მისი მოძმეები ლაფში გაკოტრიალდნენ. დგას ღორი მეფის ადგილას და ოფლში იწურება. ერთი კი ,მოავლო თვალი სამეფო ადგილს, აქაურობას როგორ შეველიოო, მაგრამ ვეღარ მოითმინა და ტალახში გაგორდა, ფაფარი კი ერთიანად ჩამოსძვრა.
ლომი ხარხარით მივიდა ღორთან და უთხრა:
– მეფევ ბატონო ფაფარი სად წაიღე ან ეს რა მოგსვლია, ერთიანად ტალახში ამოვლებულხარო.
ღორმა დარცხვენით გახედა ლომს და მიუგო:
– ეეეჰ, შევცდი მეფევ ბატონო, მეფობა მხოლოდ ფაფარის მორგება მეგონაო… და სიამოვნებით გადაკოტრიალდა ტალახში.
/ ფატი კვარაცხელია /
კომენტარები