ქვეყნის კრიმინალური სტატისტიკა და მდგომარეობა. 

📊 გახშირებული კრიმინალური ფაქტების გათვალისწინებით, ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედე და სახეზე გვაქვს „დანაშაულის კლების და მისი გახსნის მატების“ ყალბი, რეალურად კი სტატისტიკის გაყალბების და დანაშაულის დამალვის ის სამწუხარო სურათი, რაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დაგვიანონსეს – როცა სტატისტიკის გამოქვეყნების ყოველთვიური პრაქტიკა, კვარტლურით შეცვალეს.

2023 წლის 6 თვე (იანვარი – ივნისი) – რეგისტრირებული დანაშაული შემცირებულია 4%-ით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 62%-ს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-იანი მატებაა.

2023 წელთან შედარებით, დანაშაულის სტატისტიკა 2018-2019 წლებში (როცა სტატისტიკა არ ყალბდებოდა და ყველა დანაშაული აღირიცხებოდა) შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

▪️2018 წლის 6 თვე (იანვარი-ივნისი) რეგისტრირებული დანაშაული 2017 წლის 6 თვესთან შედარებით მომატებულია 53%-ით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 36%-ს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-იანი კლებაა.

▪️2019 წლის 6 თვე (იანვარი-ივნისი) რეგისტრირებული დანაშაული 2018 წლის 6 თვესთან შედარებით მომატებულია 18%-ით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 31%-ს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი კლებაა.

იმისთვის, რომ დანაშაულმა წლების განმავლობაში რეალურად იკლოს და გახსნის მაჩვენებელმა მოიმატოს, სამართალდამცავ სისტემაში კომპლექსური რეფორმები უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს – დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, დანაშაულის სწორად და კეთილსინდისიერად აღრიცხვა, გამოძიების ხარისხის ზრდა, საგამოძიებო ტექნოლიგიების გაუმჯობესება და ა.შ. უნდა ტარდებოდეს ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის კოორდინირებული პოლიტიკა. ამისთვის 2018-2019 წლებში მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

როცა ხელისუფლებას რეფორმების პროცესი გაჩერებული აქვს და სამართალდამცავ სისტემაში არც ტექნოლოგიური რევოლუცია მომხდარა, თეორიულად და პრაქტიკულად შეუძლებელია გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი (62%-იანი) მაჩვენებლის დაფიქსირება და რეგისტრირებული დანაშაულის კლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანაშაულს მალავ და სტატისტიკით მანიპულირებ.

მანიპულაციის და დამალვის საუკეთესო ინდიკატორია:

▪️ქურდობა: 2023 წელს რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი დაკლებულია 15%-ით. გაზრდილია მისი გახსნის მაჩვენებელი 55%-ით, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტია. ასევე, 22%-ით არის დაკლებული ბინაში შეღწევით ქურდობის მაჩვენებელი. გახსნის მაჩვენებელი 30%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იანი მატებაა. როცა გვეუბნებიან, რომ ქურდობამ იკლო და ქურდობის გახსნამ იმატა, ეს ნიშნავს, რომ ან ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები უმაღლეს დონეზე აიყვანეს (რაც სამართალდამცავების ისტორიაში არ მომხდარა) ან ქურდობა იმალება. დიდი ალბათობით დაბრუნდა ძველი პრაქტიკა, როცა ქურდობაზე დაზარალებულს აწერინებდნენ, რომ კი არ მოპარეს, დაკარგა. ქურდობა ფარული დანაშაულია და შესაბამისად, ადვილად დასამალი. ასევე, სავარაუდოდ ქურდობა (მათ შორის ბინაში შეღწევით) იმალება „ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის“ მუხლში, რომელიც 61%-ით არის მომატებული (პრაქტიკულად არაქმედითი მუხლი), 61%-იანი გახსნის მაჩვენებლით (რაც წინა წელთან შედარებით 11%-იანი მატებაა). ეს მუხლი საზოგადოებისთვის ნაკლებად „ყვირის“ და ადვილია აქ მიჩქმალვა. მანიპულაციების ნათელი დასტურია 2018-2019 წლების (როცა ყველაფერი აღირიცხებოდა და დანაშაული არ იმალებოდა) ქურდობის მონაცემები: 2018 წელს რეგისტრირებული ქურდობა 71%-ით იყო მომატებული, გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 27% იყო (წინა წელთან შედარებით 19%-იანი კლება). ანალოგიურად, ბინაში შეღწევით ქურდობის მაჩვენებელი 42%-ით იყო მომატებული, გახსნა მხოლოდ 14% იყო (წინა წელთან შედარებით 12%-იანი კლება). 2019 წელს რეგისტრირებული ქურდობა 23 %-ით იყო მომატებული, გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 18 % იყო (წინა წელთა შედარებით 9%-იანი კლება). ანალოგიურად, ბინაში შეღწევით ქურდობის მაჩვენებელი 13%-ით იყო მომატებული, გახსნა მხოლოდ 13% იყო (წინა წელთან შედარებით 1 %-იანი კლება).

▪️ანალოგიური მდგომარეობაა მკვლელობის მცდელობებზე და ჯანმრთელობის დაზიანებებზე – მკვლელობის მცდელობების (მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მაჩვენებელი. როცა ეს დანაშაულები იკლებს, პირველი კითხვა უნდა დავსვათ ხომ არ გაიზარდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება (118-ე მუხლი), რაც მართლაც გაზრდილია 4%-ით. დიდი ალბათობით, მკვლელობის მცდელობებს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს აკვალიფიცირებენ ამ 118-ე მუხლით. ასევე, სავარაუდოდ კლების მიზეზია მავნე პრაქტიკის დაბრუნება (დაზარალებულის დაყოლიება თქვას, რომ კი არ ცემეს ან კლავდნენ, დაეცა, რკინას წამოეგო და სხვა სახის უბედური შემთხვევის მსხვერპლია).

▪️სხვა არაერთი საეჭვო ციფრია ოფიციალურ სტატისტიკაში (პოსტი გამიგრძელდება). სწორედ ამ ყალბი „იდეალური“ სურათის მიღების, რეალურად კი სტატისტიკის გაყალბების და დანაშაულის დამალვის მიზანს ემსახურებოდა იანვარში კვარტალურ გამოქვეყნებაზე გადასვლა (რაც ძველი პრაქტიკა იყო, აღმოვფხვერით და სტატისტიკას ყოველთვიურად ვაქვეყნებდით). თუ იანვარში გამოძიებას დაიწყებ 100 ფაქტზე და თებერვალში ამ 100-დან გამოძიებას შეწყვეტ 20 ფაქტზე, ამ 20 ფაქტს აკლებენ იანვრის სტატისტიკას და იანვარში რეგისტრირებულად აფიქსირებენ 80-ს. ყოველთვიურად სტატისტიკის გამოქვეყნება, ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკით მანიპულირება შეუძლებელია. კვარტლურ გამოქვეყნებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ წინა თვის ფაქტებზე მომდევნო თვეებში შეწყვეტილ გამოძიებებს გამოაკლებენ და დაჯამებულ სურათს გვაჩვენებენ, რაც რეალობის ამსახველი არ არის – ზუსტად ისე, როგორც ახლა. სწორედ ამ სტატისტიკური მანიპულაციის შედეგს (თითქმის ყველა დანაშაულის კლება და თითქმის ყველა მათგანის გახსნის მატება) ვხედავთ 2023 წლის 6 თვის მაგალითზე – „დანაშაულის კლების და გახსნის ზრდის“ „წარმატებული“ სურათი, რაც სრული სიცრუეა. წინასაარჩევნოდ ალბათ, კიდევ უფრო „მიმზიდველ“ სურათს გვაჩვენებენ.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ქვეყნის კრიმინალური სტატისტიკა და მდგომარეობა. 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება