ქართველები საზღვარგარეთ
გენუის რესპუბლიკის დოჟმა ლუდოვიკო დი კამპროფეგოსომ და უხუცესებმა მიიღეს ორი გენუელი ვაჭრის, ძმების – ბატისტა და გიულიანო დონატოების საჩივარი ქართველთა მეფეზე.
არისტოკრატი დონატოების საგვარეულო განთქმული იყო საზღვაო ვაჭრობით. ცნობილია, რომ ისინი ნაოსნობდნენ კაფადან ქიოსამდე და – საფრანგეთამდეც კი. გენუაში დონატოები უხუცესთა საბჭოში ირიცხებოდნენ, მათ ხელმძღვანელი პოსტები ეკავათ კაფაშიც.
დოჟისთვის გაგზავნილი საჩივარი იუწყებოდა, რომ მელქიონ დონატოს ქონება ალექსანდრე ქართველთა მეფის ქვეშევრდომებმა დაიტაცეს, ალექსანდრემ დაზარალებულებს ქონება არ აუნაზღაურა და თავადაც მიიღო წილი იქიდან. საპასუხოდ, 1435-1437 წლებში, კაფას კონსულებმა ალექსანდრე მეფის ვაჭრების სავაჭრო უფლებები შეზღუდეს გენუელი ძმების სასარგებლოდ. გადაწყვეტილება დაამტკიცა ოფიციალურმა გენუამ, რომელსაც მაშინ მილანის ჰერცოგის კომისარი ფრანსუა ბარბავარა წარმოადგენდა.
ამ პერიოდში გენუელთა ფაქტორიას კაფაზე ურთიერთობა დაეძაბა ვენეციელებთან და ყირიმელ თათრებთან. ასეთ პირობებში ძალიან საშიში იყო კაფაში მრავლად მყოფი ქართველი ვაჭრების უკმაყოფილება, ამიტომაც კაფას კონსულმა ბატისტა ფორნარიომ ქართველი ვაჭრების სასჯელი შეამსუბუქა და მათ საქონლის გადასახადები დაუწესა.
გადაწყვეტილება დოჟმა დაამტკიცა.
მელქიონ დონატო ამ დროს უკვე მკვდარი იყო და ქართველთაგან მოკრებილი გადასახადები ის-ის იყო მის სახელზე უნდა გაცემულიყო ზარალის ასანაზღაურებლად, რომ კაფაში გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დონატოს სიცოცხლეში უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია ალექსანდრე მეფისაგან. ამგვარად, კაფას კონსული იძულებული გახდა, შეეწყვიტა გადასახადების მოკრება, თუმცა თავად დონატოები მიიჩნევდნენ, რომ ეს ცრუმოწმეობა იყო.
ამასთან, ქართველი ვაჭრების დასანქცირებას ალექსანდრე მეფე მშვიდად არ შეხვედრია და თავისი მოკავშირის – ტრაპიზონის იმპერატორის – იოანე მეოთხე კომნენოსის ფლოტილიის დახმარებით, დაატყვევა ბათუმის ნავსადგურში შემოსული გენუური ხომალდი, რომელიც მერვალდო სპინოლას ეკუთვნოდა.
საგულისხმოა, რომ მე-15 საუკუნის 60-70-იან წლებშიც გენუელი ვაჭრები მძაფრად უპირისპირდებიან ქართველ ვაჭრებს. შესაბამისად, ჩანს, რომ ქართველი ვაჭრები მათთვის საკმაოდ ძლიერი კონკურენტები იყვნენ.
ქართველები ტრაპიზონელ კომნენოსთა ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ზემოთ ვახსენეთ ტრაპიზონის ფლოტილიის მიერ ბათუმში გენუური ხომალდის დატყვევება. ასევე, ტრაპიზონის იმპერატორები გენუელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ქართველებს ეყრდნობოდნენ.
“Éliede la Primaudaie” ჰყვება:
“გენუელები ბიზანტიის იმპერიაში თითქმის განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდნენ. ზოგ შემთხვევაში, მათი თავხედობა იქამდეც კი მიდიოდა, რომ გარკვეულ მონაკვეთებში ისინი ბიზანტიელებს თავიანთ სამშობლოში ნაოსნობისა და თევზაობის უფლებასაც არ აძლევდნენ. ისინი აკონტროლებდნენ ბოსფორის გასასვლელსაც, საიდანაც 300 000 ფლორინს იღებდნენ შემოსავლად. ტრაპიზონის იმპერიაში მათ მსგავსი პრივილეგიები არ ჰქონიათ. გენუელმა ვაჭრებმა ტრაპიზონის იმპერატორს იგივე პრივილეგიები მოსთხოვეს, მაგრამ ტრაპიზონის იმპერატორმა უპასუხა, რომ პირობები მათთვის არ შეიცვლებოდა და თუ ეს მათთვის მიუღებელი იყო, შეეძლოთ, კონსტანტინეპოლში წასულიყვნენ, მაგრამ წასვლამდე ვაჭრებისთვის დაწესებული გადასახადი უნდა გადაეხადათ.
იტალიელები ბერძნებისგან ასეთ პასუხს არ იყვნენ მიჩვეულნი. ბაჟის გადახდაზე მათ უარი განაცხადეს, პორტში თავიანთი საქონელი მოაგროვეს და ქალაქიდან წასვლას აპირებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ მათ ყველგან თავიანთი მცველი რაზმები ახლდნენ. იმპერატორმა მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი ეცათ მისი ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავიანთი რაზმებით გადიდგულებულმა გენუელებმა იმპერატორის ბრძანებას დასცინეს, მათ ისიც კი სცადეს, რომ ქალაქი დაეწვათ… საშინელმა ხანძარმა ბევრი ნაგებობა, მათ შორის – არსენალის საცავიც იმსხვერპლა.
საბოლოოდ, ქართველებმა გენუელები დაამარცხეს და არც ერთ მათგანს გაქცევის საშუალება არ მისცეს. შეპყრობილმა გენუელებმა პატიება ითხოვეს და გადასახადების გადახდაზე თანხმობა განაცხადეს. წყაროთა აღწერით, ეს ქართველები (იბერები) ცუდად შეიარაღებულები და მცირერიცხოვნები ყოფილან, მაგრამ ამავე დროს, ,,ჭეშმარიტი გმირები და საზარელი ლომები იყვნენ, რომელთაც მსხვერპლი ვერასოდეს გაურბოდათ.“
კოპირებული ბექს ჭიჭინაძესგან.
კომენტარები