
ფასკუნჯი
ფასკუნჯი – მითოსურ-ზღაპრული ფრინველი, ქართულ მითოლოგიაში, რომელიც ქვესკნელსა და ზესკნელს შორის მოძრაობს, თან თავისი ფრთებით სამზეოზე აჰყავს ქვესკნელში მოხვედრილი მზეჭაბუკი.
ფასკუნჯი და გველეშაპი განუყრელი წყვილია. მათი საცხოვრებელი ადგილი ხესთან არის დაკავშირებული: ხის კენწეროზე ფასკუნჯს ბუდე აქვს გამართული და ბარტყებს ზრდის, ხოლო ხის ძირში გველეშაპია მოკალათებული. თითქოს ისინი, რაკი ერთი ხეა მათი ადგილსამყოფელი, დაძმობილებულნი უნდა იყვნენ, მაგრამ გველეშაპი მტრობს ფასკუნჯს: რიგ-რიგობით სანსლავს მის ბარტყებს. შეწუხებული ფასკუნჯის საშველად გამოეშურება მზეჭაბუკი, რომელსაც თავად ესაჭიროება შველა. მზეჭაბუკი ამარცხებს გველეშაპს, უფატრავს მუცელს და უკან უბრუნებს ფასკუნჯს თავის ბარტყებს. მადლიერი ფასკუნჯი მხარზე შეისვამს მზეჭაბუკს და ზემო ქვეყანაში აიყვანს. მზეჭაბუკი მოშიებულ ფასკუნჯს გზაში თავისი ბარძაყის ხორცით კვებავს, თუმცა სამზეოზე ასვლისას ნაკრტენით უმრთელებს ბარძაყს.
საბა „სიტყვის კონაში“ ამგვარად განმარტავს ამ არსებას: „ტანითა მსგავსი ლომისა; თავი, ნისკარტი, ფრთე და ფერხი მსგავსი არწივისა, ნაკრტენ-მრავალი… სპილოს აღიტაცებს და ცხენთა მაზიანებელ არს“.

კომენტარები