სოფლის სახლი
სოფლის სახლი…
დამესიზმრა, ჩემი ძველი, სოფლის სახლი,
გულს მიკლავს, რომ არ ამოდის უკვე კვამლი,
ჩამქრალ სარკმლებს დასდებია სევდა, დარდი,
აღარა სჩანს, ეზოში რომ იდგა ვარდი!
ისევ, ძველი მოგონება ამეშალა,
დრომ ის ტკბილი მონატრება ვერ წაშალა,
ბებო, დილით თბილ ღუმელს რომ მახვედრებდა,
სითბო ძილშიც, მთელ სხეულში რომ აღწევდა!
სულ მიკვირდა ასე ადრე როგორ დგება?!
მზის ამოსვლას რომ ასწრებს და ფეხზე ხვდება,
როგორ გაქრა ის ბავშვობის ტკბილი წლები,
,,სად მიდიან, მართლაც, სიყრმის მეგობრები!”
ღმერთო, ბებოს რა სითბო და მადლი ჰქონდა,
ბედნიერ ქალს საუცხოოდ თამაშობდა,
ვგრძნობდი გულით, რომ დიდ ტკივილს ატარებდა,
დარდს და სევდას სიყვარულით აზავებდა!…
წუთისოფლის გზაზე ბევრჯერ დამხვდა მახე,
გავიზარდე, ქვეყნად ბევრი რამე ვნახე,
იმ პატარა, სოფლის სახლზე უფრო ტკბილი,
ვეძებე და ქვეყნად ვერსად ვერ მოვნახე!
გარეთ რაღაც მელოდიას უსტვენს ქარი,
როგორც ბავშვი, ისე ცელქობს, აბეზარი,
სევდასა მგვრის დალუქული სახლის კარი,
და ბავშვობის მოგონება, ვით სიზმარი!…
/ ზურა შოშიაშვილი /
კომენტარები