სიყვარული

სიყვარული ყოველთვის არააქტუალურია და როგორც წესი, უდროო დროს მოდის, მისთვის ვერ ვიცლით და ვეღარც დიდ მნიშვნელობას ვხედავთ მასში, რადგან სინამდვილე უსიყვარულობას გვაჩვევს.

ყველა დიდი ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულთან არის დაკავშირებული, ერთსა და იმავე ტრაგიკულ ამბავს გვიყვება – რომ სიყვარული არსებითად შეუსაბამოა ცხოვრების აქტუალურ პროზასთან, ან საერთოდ სიცოცხლესთანაც კი, რადგან სიყვარულს ისეთი კანონები აქვს, რომ მის გარდა სხვა არაფრისთვის გვიტოვებს ძალას.

გოეთეს ვერთერისეული სიყვარული (“ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”) ადამიანს დისფუნქციურს ხდის – როცა სიყვარულის ობიექტის ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, ვერთერი მტკივნეულად აცნობიერებს, რომ ის ვერასდროს ამოავსებს იმ სიცარიელესა და უშინაარსობას, რომლის მიზეზიც მისი შეუყვარებლობაა, რაკი შარლოტე ყოველთვის სხვაგან იქნება და ეს კი ყოველთვის მარტო და მისი უკმარობით დასჯილი.

ვერთერის შემთხვევაში სიყვარული სნეულებაა და ის მხოლოდ იმ გზით გათავისუფლდება ამ დაავადებისგან, რაც შემდეგ ვერთერის სინდრომის სახელით გახდება ცნობილი: სასიკვდილო გათავისუფლებით სიყვარულის უკმარობისგან.

მაგრამ ეს ვერთერის შემთხვევაში, თორემ პლატონის “ნადიმში” ეროსი იქ ცოცხლობს, სადაც სწორედ უკმარობაა, სადაც სიყვარული არასრულყოფილების, სულიერი ნაკლულობის კომპენსაციად არის მიჩნეული – როცა უსიყვარულო (ანუ არასრულყოფილი) ადამიანი მხოლოდ მეორით, სხვა ადამიანით თუღა შეძლებს მთლიანობის აღდგენას. პლატონის შეყვარებული ხომ ყოფილი ანდროგინია, ზევსის მიერ ორად გახლეჩილი ერთი არსება, რომელიც მუდმივად ეძებს დაკარგულ ნახევარს.

რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ექსტრემალურია, ისინი კაპულეტების საძვალეშიც კი ვნების პიკზე არიან, მაგრამ ადამიანებმა შეუძლებელია დიდხანს გაუძლონ უწყვეტ აპოთეოზს, ისინი აუცილებლად დაიფერფლებიან გრძნობების ამგვარი ინტენსიურობის პირობებში, რადგან შეუძლებელია ასე გიყვარდეს დიდხანს – სხეული ამას ვერ გაუძლებს… აკი ამიტომაც არიან შექსპირთან ეს შეყვარებულები 13-16 წლისანი, რადგან მხოლოდ ასეთ არადიდებს (და აზარტულებს) შეუძლიათ ყველაფრის გაღება ერთმანეთისთვის, სადაც ყველა რაციონალურ და მეტიც, ბიოლოგიურ კანონს აუქმებს მათი სიყვარული, სიკვდილის კანონსაც კი, როცა სიკვდილიც კი თამაში და ფიქცია ხდება მათ ხელში.

შეუძლებელია რომეოსა და ჯულიეტას წარმოდგენა ოცდაათ წელს ზემოთ, რადგან შეუძლებელია არ იყო მუდამ 13 წლის, როცა ასე გიყვარს. 30 წლისას ძალა აღარ გრჩება საამისოდ, თუკი ბალზაკის პერსონაჟი ქალის მსგავსად, 30 წლის შემდეგ არ აღმოაჩენ საკუთარ თავში ქალს, ანუ რაღაც არსობრივს, რომელიც თურმე შენში ყოფილა და ეს არ გცოდნია.

სიყვარული ადამიანს მე-ს ათმობინებს სხვის სასარგებლოდ, როცა იდენტობა სხვას ეწირება მსხვერპლად და სადაც სიყვარულის სასარგებლოდ ყველა კომპრომისი დასაშვებია, თუკი გინდა, რომ გიყვარდეს და მასაც თავდავიწყებით უყვარდე, როგორც ამას ტოლსტოის ანა კარენინა სჩადის, როცა სიყვარული მისთვის ომია, სხვათა გაწირვაა ერთის სასარგებლოდ, ამბოხება, აქამდე არსებული ნორმების და რუტინის უარყოფა, ნგრევა… როცა მტყუანი ხარ შვილთან, მართალ ქმართან, მორალისტ საზოგადოებასთან, მაგრამ ბედნიერი ხარ შენი სიყვარულით და ისინი კი მართლები, თუმცა უსიყვარულონი და უბედურები არიან.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

გაიარე ავტორიზაცია

ან

სიყვარული

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება