სევდის მატარებელი
-6 გრადუსი იყო, სადგურზე წუთებს წამებით ვითვლიდი და მატარებლის მოსვლას წლების უნახავი მეგობარივით ველოდებოდი. ყინვა ძვლებში ატანდა და დროის სისასტიკე მაოცებდა, ბოძივით იდგა უძრავად…
საოცარი რამეა დრო… როცა გვინდა არაფრით გადის და როცა სადმე ვჩქარობთ წუთები წამების მსგავსად ჩქარა, უკანმოუხედავად გარბის.
მატარებლის სილუეტი შორიდან დავლანდე და უკვე ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მოდიოდა სითბო. ირგვლივ ვხედავდი ხალხს, რომლებიც ისე იყვნენ შეფუთულები თითქოს ვინმეს ემალებოდნენ. რა თქმა უნდა, აქ,ასეთ ამინდში, უმნიშვნელოა რა გაცვია. მთავარია ბევრი გეცვას და თბილად!
მოვიდა როგორც იქნა და ღრმად ამოვუსუნთქე. ვიღაც ქალმა სკამიდან ჩანთის აღებით მანიშნა, რომ შემეძლო მის გვერდით დაჯდომა.
დავჯექი. დავჯექი ადამიანთან, რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა- ნაცრისფერი, რაღაც საოცრად ღრმა და სევდიანი. დრო და დრო ნერვიულად ათამშებდა ხელებს, რომელსაც ღუნღულა ხელთათმანი უფარავდა, ფანჯარას თვალს არ აცილებდა და სადღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ სამყაროს უყვებოდა მის ემოციებს. ის აქ არ იყო. მისმა ერთმა მოძრაობამ მიიქცია ჩემი ყურადღება. სასწრაფოდ გამოაცალა ერთი ხელი მის ხელთათმანს, თითქოს ვინმემ უბრძანა რომ ეს ახლავე გაეკეთებინა. ხელები სახესავით დანაოჭებოდა და ვენები ელვასავით დაჰყვებოდა. არათითზე გაკეთებული ბეჭედი ფრთხილად მოიხსნა და ორი თითით დაიჭირა. უყურებდა დაახლოებით ერთ წუთს და გულში რაღაცას ბუტბუტებდა, მერე სახესთან მიიტანა და ფრთხილად, ემოციურად, მთელი გრძნობით აკოცა, ხელის გულში მოამწყვდია, აი ისე, დედა რომ პატარა ბავშვს მიიხუტებს დასამშვიდებლად, მერე მეორე ხელიც მიახმარა და ორივე ხელით გულთან ჩაიხუტა. წამით თვალები დახუჭა.უცბად რაღაცამ გამოაფხიზლა, სასწრაფოდ დაუბრუნა ბეჭედი მოშორებულ თითს. ფანჯარას გახედა, არსაითკენ მიმართულ მზერაში ფიქრები გამოუჩნდა. არ ეთმობოდა ის, საიდანაც დაბრუნდა. ხელთათმანი ისევ გაიკეთა და ფანჯარაში გააგრძელა გულიანი ლაპარაკი მასთან..
ვინ იცის ვის ელაპარაკებოდა ასე უსიტყვოდ, ხმაამოუღებლად. მისმა თვალებმა დაახლოებით 3 წუთში იმხელა ისტორია მოყვა, ზოგჯერ წლები რომ არ ჰყოფნით სათქმელად.
არის ქმედებები, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ლაპარაკი და არსებობს ლაპარაკი, რომელიც სრულიად აცდენილია ქმედებებს.
თავს დავდებ, რომ იმ ბეჭედზე მნიშვნელოვანი ცოტა რამ იქნებოდა მის ცხოვრებაში…
ასეა! ზოგჯერ ერთი, ძალიან მცირე, სხვისთვის უნმიშვნელო ნივთი ჩვენთვის მთელი სამყაროა. სამყარო, რომელშიც დროდადრო ვიკარგებით.
ხატია გოდერიძე

კომენტარები