სამყარო, რომლის აღმოჩენაც ღირს !

– პირველად ისე არ მინდოდა აქ სიარული – ამბობს ელენე და იღიმება – ვიტირე კიდეც… მეგონა ბრაზიანი მასწავლებლები, წიგნის ხმამაღლა კითხვა და მოსაწყენი გაკვეთილები დამხვდებოდა

– არც მე – მხარს უბამს სანდრო, – არც მე – ღიმილით აღიარებენ სხვა მოსწავლეებიც…

– რომ მცოდნოდა რა იყო, ალბათ სირბილ-სირბილით გამოვიქცეოდი – აგრძელებს ელენე და სხვებიც კვერს უკრავენ. ელენე უკვე სამი წელია ჩვენი მოსწავლეა და კარგად იცის, რა არის „ლეტერატო“ – თითქმის ყველა პროექტშია ჩართული, კითხულობს წიგნებს, მონაწილეობს სპიკერებთან შეხვედრებში და დღეს უკვე ანალიზისა და პრეზენტაციის უნარებშიც საუკეთესოა.

მოზარდების უმეტესობა „ლეტერატოში“ სწორედ ასე – მშობლის მოთხოვნით ხვდება, მაგრამ ძალიან მალე, მათთვის ეს ადგილი შემეცნების სიხარულის, განვითარების, მეგობრობისა და ჰარმონიის სივრცედ იქცევა. „ლეტერატოს“ ამოცანაც ეს არის – ურთიერთპატივისცემის, განსხვავებული აზრის მოსმენის, მარადიულ იდეებზე მსჯელობისა და თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას სივრცე მოზარდებისთვის, სადაც ისინი თამამად გამოხატავენ საკუთარ თავს, გაუჩნდებათ შემეცნებისა და ცოდნის მიღების წყურვილი, შეიძენენ ახალ მეგობრებს, როგორც თანატოლების, ასევე „ლეტერატოს“ გუნდის წევრებისგან.

ჩვენი პროგრამა არ არის მარტივი. კრიტიკული აზროვნების მოდულები მოიცავს ლოგიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკურ თეორიას, ფსიქოლოგიას და სხვა ძალზე კომპლექსურ საკითხებს, მაგრამ გუნდური დავალებები, ქეისები და ის მეთოდოლოგია, რომელიც „ლეტერატოს“ ნოუ ჰაუს წარმოადგენს, მარტივად აწოდებს მოზარდებს ამ თემებს. ისინიც ხალისით ასრულებენ დავალებებს, პრაქტიკით იძენენ ცოდნას, მაგრამ, რაც მთავარია, იწყებენ ფიქრს, იწყებენ იმ სტილით აზროვნებას, რაც მათ თვალსაწიერს უფართოებს და ეხმარება, აღმოაჩინონ, რომ ნამდვილად ღირს, შეისწავლო სამყარო შენ გარშემო, რომელიც ასეთი ვრცელი და საინტერესოა. „ლეტერატოს“ მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ საკითხის სხვადასხვა მხრიდან ანალიზი, არგუმენტების აწონვა, განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვა და პრობლემის ასე გადაჭრა საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების გზაა. მაგრამ ამისთვის მეტი ცოდნა და ინტელექტუალური მზაობაა საჭირო. ამიტომაც ცდილობენ, უფრო მეტი განათლება მიიღონ.

წიგნიერების კლასები სწორედ ამაში ეხმარებათ. ლიტერატურა, რომელსაც ვარჩევთ, იშვიათადაა საბავშვო და ძირითადად კლასიკური ტექსტებისა და თანამედროვე კლასიკისგან შედგება. ასე სწავლობენ ბავშვები ნებელობის განვითარებას, პასუხისმგებლობის აღებას, მაგრამ, ამავდროულად, იდეებისა და დიდი ტექსტებისგან სიამოვნების მიღებასაც. ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, როდესაც წიგნი მოზარდის ცხოვრებაში სულ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, ის არასდროს ყოფილა ისე საჭირო, როგორც დღეს. ჩვენ შევაბიჯეთ ეპოქაში, სადაც ზედაპირული ცოდნა, ცრუ ინფორმაცია და ფსევდო ავტორიტეტები ბატონობენ. სადაც კონცენტრაციის უნარების დაქვეითება ახალი ნორმაა, ხოლო მართალია ის, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. წიგნიერება სწორედ ამ პრობლემებს უპირისპირდება. ამიტომაც, ყველაზე დიდ მიღწევად ის მიგვაჩნია, როცა მოსწავლე არამარტო აქტიურად იწყებს კითხვას, არამედ ერთი სული აქვს, ტექსტზე საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიაროს, დასვას შეკითხვები ხშირად გადაუჭრელ, ურთულეს საკითხებზე და მოისმინოს, თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ თანატოლები. ასე ყალიბდება ის ინტელექტუალური სივრცე, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისათვის ორგანული ხდება. და როდესაც მოზარდები ზრდასრულ ცხოვრებაში შეაბიჯებენ, ისინი სხვებისგან განსხვავებით, შეძლებენ სიღრმისეულად ფლობდნენ საკითხებს, რომელიც მათი სპეციალობის არეალშია, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ საქმეზე, მოუსმინონ სხვებს და მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

ამ მიმართულებით „ლეტერატოს“ საკმაოდ ბევრი სასარგებლო პროექტი აქვს. ჟურნალი „მატრიცა“, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, ერთი მხრივ იმ ამოცანას ემსახურებოდა, რომ მოზარდების ენერგია და შინაგანი სამყარო გამოეთავისუფლებინა, მეორე მხრივ კი მათი დაგეგმვის, განხორციელების, ერთად მუშაობისა და საბოლოო წარმატებული შედეგის მიღწევის უნარები განევითარებინა. დღეს, როცა სულ მალე ჟურნალის 11-ე ნომერი იხილავს მზის შუქს, „მატრიცას“ რედ. კოლეგია ჩამოყალიბებული, შეკრული გუნდისგან შედგება, რომელიც ცდილობს, საუკეთესო შინაარსი მიაწოდოს მკითხველს. მენტორობის პროგრამაც, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს, მოწოდებულია უფროსკლასელები დაეხმარონ უმცროსკლასელებს დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენაში. უფროსები სწავლობენ, როგორ ასწავლონ, ხოლო უმცროსები – უფროსკლასელებისგან უფრო მარტივად იძენენ ცოდნასა და მოტივაციას. ასეთივე სასარგებლო პროექტია სპიკერების მასპინძლობა: თვეში ერთხელ ჩვენი მოსწავლეები საინტერესო ადამიანებს ხვდებიან: მწერლებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, მსახიობებს… ჩვენი სტუმრები შემდგარი, წარმატებული ადამიანები არიან, რომლებიც გვეხმარებიან მოსწავლეებს კიდევ უფრო გაუფართოვდეთ თვალსაწიერი, იფიქრონ პროფესიის არჩევაზე და მიიღონ შთაგონება.

ჩვენი ამოცანა მოზარდების პოტენციალის მაქსიმალური გახსნაა. ამიტომაც, გასვლითი კლასები, ვიზიტები მუზეუმებში, წლის დახურვის წვეულება და სხვა ასეთი აქტივობა გვეხმარება მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გემოვნება, აღივსონ ახალი შთაბეჭდილებებით, მიიღონ ცხოვრებისაგან სიამოვნება, რაც ასეთი იშვიათობა გახდა. მაგრამ მნიშვნელოვანია, მათ ასევე ისწავლონ სხვების დახმარება და გაცემა. საქველმოქმედო აქციები, თანატოლების მხარდაჭერა და ჩვენი პოდკასტების სერია სპოტიფაიზე სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მოზარდები „ლეტერატოს“ პოდკასტების წყალობით არა მარტო საკუთარ თავს გამოხატავენ, არამედ თანატოლებს უამრავ სასარგებლო მოსაზრებასა და რჩევას უზიარებენ, ხოლო რამდენად დიდია მათი ასაკისთვის ის ცოდნა და განათლება, რაც აქ დააგროვეს, თავადაც შეგიძლიათ იხილოთ.

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდობის ასაკი სირთულეებითაა აღსავსე – ადამიანი სწრაფად იწყებს ჩამოყალიბებას: იცვლება მისი ფიზიოლოგია, ხასიათი, სოციალური წრე, მაგრამ ამავდროულად ცხოვრების არც ერთი ეტაპი არაა აღსავსე ისეთი ნაყოფიერებით, როგორც ეს ასაკი: მეცნიერებმა კარგა ხანია დაადგინეს, რომ ტვინში მიმდინარე პროცესები სწორედ ამ პერიოდშია ზეაქტიური და ამიტომაც, ამ დროს მიღებული ცოდნა და უნარები ის საყრდენია, რომელიც პიროვნებას მთელი ცხოვრების გზაზე გაჰყვება. ჩვენც თვალს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი თითოეულ თინეიჯერში, რაც ნამდვილად ჯადოსნური, სასწაულებრივი რამაა: როგორ გარდაიქმნება ერთი პატარა გოგონა, რომელიც სულ ჩუმად იჯდა – საუკეთესო სპიკერად, ბიჭი, რომელსაც წიგნები არ უყვარდა – საუკეთესო მკითხველად. როგორ იწყებენ ის ბავშვები, რომელთაც თავდაპირველად ტექსტის გააზრება უჭირდათ, ღრმადფილოსოფიურ საკითხებზე ძირეულ მსჯელობას და როგორ იშლება ჩვენ წინ მათი უკიდეგანო შინაგანი სამყარო, რომელშიც კიდევ და კიდევ არის უამრავი რამ აღმოსაჩენი. და სწორედ ეს გვაძლევს ძალას, ჩვენს საქმეს მთელი გულითა და სიყვარულით ვემსახუროთ.

Published in ბლოგი
marine
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

სამყარო, რომლის აღმოჩენაც ღირს !

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება