როგორ შევინარჩუნოთ რუჯი.

რატომ არის რუჯი ასეთი მიმზიდველი? მისი წყალობით კანი თანაბარ შესახედაობას იძენს და თითქოს უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურება. მაგრამ ფრთხილად: როცა რუჯი არაბუნებრივად მუქია, ის ხელოვნურის შთაბეჭდილებას ახდენს, თანაც მზეზე საათობით ყოფნა ძალიან საშიშია.

იცით, რომ სწრაფად მიღებული რუჯი ასევე სწრაფად ქრება? ჯანსაღი და ხანგრძლივი ნამზეურისთვის კი სწორად უნდა გაირუჯოთ.

მოკლე ექსკურსი დერმატოლოგიაში

მიუხედავად იმისა, რომ გარუჯული სხეული უმრავლესობისთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდება, რუჯი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმის პასუხი მზის აგრესიაზე. როცა კანი მზის სხივების სიჭარბეს დააფიქსირებს, მისი ზედაპირული შრე, ეპიდერმისი, სქელდება და მელანინის – კანის ფერის განმსაზღვრელი პიგმენტის – დაჩქარებულ წარმოქმნას იწყებს. მელანინი ფარივით ეფარება უჯრედებს, რომ დაიცვას ულტრაიისფერი გამოსხივების არასასურველი შედეგებისგან: დაწვისგან, გამოშრობისგან, დამუწუკებისგან, ნადრევი დაბერებისგან და ყველაზე უარეს შემთხვევაში – კანის კიბოსგან.

ჩამოთვლილ უსიამოვნებათა რისკი მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, უნდა ვიცოდეთ როგორც გარუჯვის, ისე რუჯის მოვლის წესებიც.

მოვლა გარუჯვამდე იწყება

კანი გარუჯვამდე უნდა მოამზადოთ. როგორ? ჩაიტარეთ პილინგი და კანის ზედაპირზე დაგროვილი მკვდარი უჯრედები მოიცილეთ. მათ ქვეშ ახალგაზრდა და ჯანმრთელი უჯრედებია განლაგებული. შეფერვას სწორედ ეს ახალი ფენა დაიწყებს, რითაც თავიდან აიცილებთ არათანაბარ რუჯს.

კანი ნელ-ნელა შეაჩვიეთ მზეს. დაიწყეთ 10-15-წუთიანი აბაზანებით და მათი ხანგრძლივობა ნელ-ნელა გაზარდეთ. ეცადეთ, ზომიერებამ არ გიღალატოთ. ბევრი წინასწარ სოლარიუმში ირუჯება, მაგრამ ეს მზის მავნე გამოსხივებისგან ვერ დაგიცავთ.

ხანგრძლივი მზის აბაზანა = ხანგრძლივ რუჯს?

თუ გგონიათ, რაც უფრო მეტხანს დარჩებით მზეზე, რუჯიც მით უფრო მეტხანს გაგყვებათ, ცდებით. პირიქით, მწველი მზის გულზე დიდხანს ყოფნისას მოსალოდნელია კანის ანთება, დამწვრობა. ცუდი ის არის, რომ ამას მაშინვე ვერ შეამჩნევთ – დამწვრობა დაახლოებით 4-8 საათის შემდეგ იჩენს თავს: კანი წითლდება, ხურდება და მტკივნეული ხდება, უარეს შემთხვევაში ბუშტუკებითაც იფარება, შესაძლოა დაერთოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი.

თუ გსურთ, რუჯით დიდხანს ისიამოვნოთ, მზის აბაზანები ქოლგის ქვეშ უნდა მიიღოთ. ჩრდილშიც ისევე გაირუჯებით, როგორც მზის გულზე. მეტი დრო დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, კანი ნაკლებად დაისტრესება და რუჯიც ზაფხულის მიწურულამდე გაძლებს.

თუ კანი გაწითლდა

თუ საღამო ხანს კანზე სიწითლე შეამჩნიეთ, ეს უკვე პირველი ხარისხის დამწვრობაა. თუ მას სათანადოდ მოუვლით, შესაძლოა, კანის ზედა ფენა აქერცვლას გადაარჩინოთ. კანის დასამშვიდებლად საუკეთესოა პანთენოლის შემცველი კრემები და პანთენოლის სპრეი – კრემ-ქაფი, რომელიც ნაზად ეფინება გაღიზიანებულ ადგილს, აგრილებს მას და აჩქარებს მოშუშებას. თუ დამწვრობა მსუბუქი სიწითლითა და სიმხურვალით შემოიფარგლება, მის დასაცხრობად შინაური საშუალებებიც გამოდგება: გრილი მწვანე ჩაის საფენები, მაწონი, გრილი ფიზიოლოგიური ხსნარი (1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ლიტრ წყალზე), კიტრის ნაჭრები, – რომლებსაც მხოლოდ გამაგრილებელი ეფექტი აქვს. თუ დამწვრობა დიდ უბანზეა და ბუშტუკებიც შეამჩნიეთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

დამცავი საშუალებები

დამცავი საშუალებების დევიზია: “მეტი გვეხმარება მეტად”.

შავგვრემნებს ნამდვილად გაუმართლათ: მათი კანის უჯრედები უხვად გამოიმუშავებს მელანინს, თეთრი კანი კი გაცილებით დაუცველია, ამიტომ შავგრემნები ადვილად ირუჯებიან, თეთრი კანის მქონეები კი წითლდებიან და იწვებიან.

მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე ნამზეურის მიღება არც ერთი ფერის კანისთვის არ არის რეკომენდებული, მაგრამ თეთრ კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება