მ ო ნ ა ზ ო ნ ი
განა, რა ცოდვამ გადახიზნა ტაძრის კედლებში,
ეგ სილამაზე მგოსანთა და გმირთა საგეში,
ბედის ყორანმა სად დაგჩხავლა, უფლის მხევალო,
რად გახვეულხარ მონაზონის თავშალ-სახვევში?
კელიის კარი ვერ დაგმანავს შენს სხივთა ციალს,
მაგ თვალთა ელვა მთებს გადადგამს უცხო მხარეში,
ვერ დააოკებს ჩემს გულისთქმას მონაზვნის კაბა,
რადგან მოსჩანხარ, როგორც მთვარე, უკუნ ღამეში.
ტაძრის კედლებთან აჩრდილივით დავბორიალებ,
კვალში მოგყვები, ვით მდევარი, ცოდვით ნაგეში
და სწორედ მაშინ, როცა უნდა წამოგეწიო,
უჩინარდები მონასტერის მძიმე კარებში.
სამრეკლოს ზარის ხმას ჩავახშობ ჩემი ყვირილით,
“მიყვარხარ”-მეთქი… ვიღრიალებ გალავანს გაღმა,
მე უშენობას უფლის რისხვა მიჯობს ვიწვნიო,
თუნდ შუბლს დამესვას ჯოჯოხეთის წყეული დამღა…
გესმის, მხევალო?! ვერ გავუყოფ მე შენს თავს უფალს,
სულის ნაპრალებს ვერ შევივსებ და ვერ ვიწამლებ,
ჩემ და შენ შორის, თუკი ღმერთი დგება გამყოფად,
ასეთი ღმერთის უღმერთობას უფრო ვიწამებ.
განა, ისეთი რა შევცოდეთ, ბედის მწერალო?!
რაღა ტაძარის აღგვიმართე ზღუდედ კედლები,
რომ სამრეკლოდან გადმომჩხავის ბედის ყორანი
და მე ამ კედლის დანგრევასაც ვერ გევედრები…
Published in ბლოგი
კომენტარები