მყინვარწვერის შესახებ 

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი.


მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფეხი. აქ მოხვედრა ყველა ადამიანს შეუძლია, ვინც არ დაიზარებს და სწორ დროს, საჭირო აღჭურვილობით, გამოცდილ გუნდთან ერთად ეწვევა მას.

მდებარეობა

მყინვარწვერი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია, თუმცა ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ ის 5033 მეტრს არ აღემატება. თუ გსურთ, გაიგოთ სიმართლე, აუცილებლად ეწვიეთ საკუთარი GPS მოწყობილობით და გაგვიზიარეთ თქვენი ვერსია. მყინვარწვერიდან ეშვება რამდენიმე მყინვარი: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა. აქედან იღებს სათავეს მდინარე თერგი. მყინვარწვერი საქართველოში სიმაღლით მესამე მწვერვალია, ის სულ რაღაც 150 მეტრით ჩამოუვარდება უმაღლეს მწვერვალ შხარას. მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი იწყება გერგეტის სამებიდან.

როდის ვესტუმროთ მყინვარწვერს?

მწვერვალი ზამთარ-ზაფხულ თოვლით არის დაფარული. მყინვარებზე შეხვდებით უკიდეგანო ნაპრალებს რომლებსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შთანთქეს. მყინვარწვერზე ასვლა შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე, თუმცა ზამთარსა და გაზაფხულზე ის უკიდურესად საშიშ ზონას წარმოადგენს რადგან მის ირგვლივ მრავლადაა საზვავეები. ასევე ტემპერატურა მკვეთრად დაბალია ზამთარში და შესაბამის მომზადებასა და აღჭურვილობას მოითხოვს. მათთვის, ვინც ასეთი სირთულეებისთვის მზად არ არის სეზონი ზაფხულის მეორე ნახევარში იხსნება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში ყველაზე დიდხანს ანათებს მზე მყინვარის ცივ ფერდობებს, რაც თავის მხრივ იწვევს თოვლის დნობას და გზა ნაკლებად სახიფათო ხდება. სექტემბრის პირველ ნახევარში თოვლის საფარი მინიმალურ დონეს აღწევს და ნაპრალებიც ხილვადი ხდება. ამ პერიოდში წვიმა და ქარიშხალიც იშვიათად სტუმრობს ხევის პატარძალს და შესაბამისად ტურისტთა ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ დროს მიემართება მწვერვალისკენ.

მთავარი გამოწვევები

თუმცა მყინვარწვერზე ასვლა სახუმარო ნამდვილად არ არის და საქმისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ მრავალმა გამოცდილმა თუ გამოუცდელმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე მის თეთრ კალთებზე. აქ ერთ-ერთი მთავარი მტერი ნაპრალია, რომელიც ყოველთვის არ ჩანს და არასოდეს იცი როდის გაგიღებს გულის კარებს და სამუდამოდ ჩაგიკრავს გულში. ნაპრალებისგან თავდასაცავად იყენებენ თოკს, რომელშიც ჩაბმულია ყველა გუნდის წევრი და გადაადგილდებიან გარკვეული მანძილის დაშორებით, რათა ნაპრალში ჩავარდნის შემთხვევაში გუნდის სხვა წევრებმა შეძლონ და მყინვარს ხელიდან გამოსტაცონ უიღბლო მეგობარი. გზად ბევრგან შეხვდებით წარწერას, რომელიც გვაფრთხილებს, რომ მყინვარწვერს არ უყვარს მარტოხელები და გვირჩევს ვიაროთ გუნდთან ერთად თოკში ჩაბმულებმა. მეორე სერიოზული საფრთხე, რომელსაც ასევე არაერთი ადამიანის სიცოცხლე მიუსაკუთრებია არის მეხი და ზოგადად უამინდობა. უამინდობის დროს ხშირად უგზავნის ზეცა მოზღვავებულ ენერგიებს ხევის პატარძალს, ამიტომ უმჯობესია ჭექა-ქუხილისა და წვიმის შემთხვევაში არ წახვიდეთ მწვერვალზე. ნუ იჩქარებთ! ხევის პატარძალი მილიონობით წელია იქ დგას და უახლოს მომავალში არსად წასვლას არ აპირებს. ასე რომ დაელოდეთ საუკეთესო შანსს, საუკეთესო ამინდს, სწორად შეარჩიეთ გუნდის წევრები და ეცადეთ თავიდან აირიდოთ ის, რისი არიდებაც შეგიძლიათ…

საჭირო აღჭურვილობა

რაც შეეხება აღჭურვილობას, მყინვარწვერზე ასასვლელად შემდეგი აღჭურვილობა გჭირდებათ: თბილი და წყალგაუმტარი ქურთუკი, შარვალი და ხელთათმანები, სპეციალური სამთო ფეხსაცმელი, ალპინისტური სათვალე, ჩაფხუტი, ალპინისტური ქამარი, წრიაპი, წერაყინი, თოკი და კარაბინი. გაითვალისწინეთ, ცუდ ამინდში ტემპერატურა ძალიან დაბალია და საჭიროა ქარგაუმტარი, სპეციალურად სამთო პირობებზე გათვლილი ტანსაცმელი. აღნიშნული აღჭურვილობის ქირაობა შეგიძლიათ ყაზბეგში, მეტეო სადგურზე ან თბილისში – მოგზაური რენტში.

ფიზიკური მზადყოფნა

ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, საკმარისია თუ არა მათი ფიზიკური მომზადება მყინვარწვერზე ასასვლელად. მინდა გითხრათ, რომ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური მზადყოფნაა საჭირო. ამ მარშრუტზე თუ გამოცდილი მთამსვლელი არ ხართ აუცილებლად დაიღლებით, მაგრამ მთავარია როგორ მოიქცევით დაღლის შემდეგ. თუ თქვენ სირთულეების გამკლავება გიჭირთ და პირველივე დაღლაზე სახლი გახსენდებათ სავარაუდოდ მეტი ვარჯიში მოგიწევთ მწვერვალს რომ მიაღწიოთ, ხოლო თუ დაღლა არ გაშინებთ და მიზანდასახული პიროვნება ხართ მაშინ შანსი დიდი გაქვთ. თუმცა რაც არ უნდა ძლიერი იყოს თქვენი ფსიქოლოგიური მომზადება, შესაძლოა ორგანიზმმა საშუალება არ მოგცეთ გზის გაგრძელების და სიმაღლეზე ასვლისას აღმოაჩინოთ, რომ გაქვთ სიმაღლის ავადმყოფობა და უკან დაბრუნება მოგიწიოთ.

გახსოვდეთ! მთას არ უყვარს ეგოისტები, ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე და პატივი ეცით თქვენი გუნდის წევრებს, დააყენეთ პირველ ადგილზე გუნდის ინტერესები. მყინვარწვერზე ასვლა მარტივი გასეირნება არ არის. ნუ იჩქარებთ! მთები არსად წასვლას არ აპირებენ.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მყინვარწვერის შესახებ 

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება