მის შესახებ ულამაზესი ლეგენდა არსებობს:
“უთვალავი წლის წინ , ცხოვრობდა მშვენიერი გოგონა , რომელსაც ღირსეული ვაჟკაცი ეტრფოდა. მათი სიყვარული ისეთი წმინდა იყო, რომ ყველა ფიქრობდა, ღმერთმა ისინი ერთმანეთისთვის შექმნაო. ერთ დღესაც ყმაწვილმა თავის მზეთუნახავს პაწაწინა ყვავილი მიართვა – თეთრი ფურცლებითა და მზესავით ყვითელი გულით. თურმე სიზმარში უნახავს, გაღვიძებულს კი სასთუმალთან დახვედრია. გოგონას ყვავილი ისე შეუყვარდა, სულ თავს დასტრიალებდა. შემდეგ კი, გადაწყვიტა, თავისი ბედნიერება ყველა შეყვარებულისთვის გაეზიარებინა დედამიწის ზურგზე და ყმაწვილს სთხოვა, კიდევ მიეტანა მისთვის ეს ყვავილები. ვაჟმა იცოდა, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც შეჰფიცა, რომ სურვილს შეუსრულებდა. ყველგან ეძება, მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს, ქვეყნის დასალიერს რომ მიაღწია, სიზმრების მცველს შეხვდა. მან დახმარება აღუთქვა იმ პირობით, თუ ვაჟი სამუდამოდ მასთან დარჩებოდა. სამაგიეროდ კი, ის მის შეყვარებულს გვირილების მთელ მდელოს აჩუქებდა. სიყვარულის გამო ვაჟმა დათმო საკუთარი თავი. გოგონა დიდხანს ელოდა ბიჭს და ერთ დილასაც, რას ხედავს, თავისი ფანჯრის წინ გვირილების თვალუწვდენელი მდელო გადაჭიმულა… მიხვდა მზეთუნახავი, რომ ამიერიდან თვალით ვეღარ ნახავდა შეყვარებულს… გოგონამ ვაჟის სახსოვარი გვირილები ხალხს აჩუქა, ნიშნად წმინდა, წრფელი და უკვდავი სიყვარულისა.” მას შემდეგ ხიბლავს ხალხს ეს პაწაწინა მზის ყვავილები და სჯერა, რომ პასუხსაც კითხვაზე: უყვარს თუ არა მის რჩეულს, სწორედ მისგან მიიღჯებს.
Published in ბლოგი
კომენტარები