მესტიის შესახებ.

მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება, მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. ალბათ სწორედ ამ ცადაზიდულ მყინვარებსა და კლდეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გვყავდა „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანი და სხვა დიდებული სვანი მთამსვლელები. სვანური კოშკები, უნიკალური ტაძრები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ რელიგიური ნიმუშები ნამდვილად ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ნაწილია მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურისა. აღსანისნავია, რომ სვანური კოშკები ცნობილ იაპონელ ანიმატორს, ჰაიაო მიაძაკის გამოყენებული აქვს თავის ერთ-ერთ ცნობილ ანიმეში – „ლაპუტა: სასახლე ცაში“. მესტია შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.

გეოგრაფია და კლიმატი

მესტიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია. იგი მოიცავს ზემო სვანეთის ტერიტორიას, მდინარე ენგურის ხეობას ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე და მისი შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულებია: დაბა მესტია, ბეჩო, ეცერი, იდლიანი, იფარი, კალა, ლახამულა, ლატალი, ლენჯერი, მულახი, ნაკრა, უშგული, ფარი, ცხუმარი, წვირმი, ჭუბერი, ხაიში. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია რაიონში 200-მდე მყინვარია, მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა. მესტიის მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადებია — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა.

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7℃, იანვარში -6,4℃, ივლისში 16,4℃. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25℃, აბსოლუტური მაქსიმუმი +35℃. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.

რა ვნახოთ

მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია უძველესი კულტურითა და მკვეთრად გამოხატული იდენტობით. იგი უამრავ ტურისტს იზიდავს. ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშია სვანური კოშკი, რომელიც გვხვდება როგორც საცხოვრებელ სახლზე მიდგული, ასევე ცალკე მდგომი. გრანდიოზული მწვერვალების ფონზე შეფენილი კოშკოვანი სოფლები დაუვიწყარ კადრებად დარჩება თქვენს მეხსიერებაში. გამორჩეულია სვანური ტაძრები, მათი მოხატულობა და ჭედური თუ ფერწერული ხატების შესანიშნავი ნიმუშები. განსაკუთრებით ცნომილია უშგულის ლამარია და კალის წმ. ივლიტასა და კვირიკეს მონასტერი, სადაც მეფის მხატვარ თევდორეს მხატვრობაა. აუცილებლად უნდა ეწვიოთ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმსა და მესტიის მუზეუმს, სადაც ნახავთ უნიკალურ ოთხთავებს, ხატებს, სამკაულებს, ტრადიციულ სამოსსა და სხვადასხვა საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო ექსპონატებს. მესტიის ბუნება კი ძალიან მდიდარია ულამაზესი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ როგორც კომფორტული დასვენება საოცარი ხედების მქონე სასტუმროებში, ასევე თავგადასავლებით სავსე ლაშქრობები კარვისა და კოცონის თანხლებით. დათოვლილი მწვერვალები, ჩანჩქერები, კლდეთა სამეფოში მოქცეული ტბები, ნიავით სავსე მინდვრები სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. ეს მხარე ასევე მიმზიდველია სამთო სპორტის მოყვარულთათვისაც. საბოლოოდ კი მესტია არ უნდა დატოვოთ უგემრიელესი სვანური სამზარეულოს გასინჯვის გარეშე, რომლის მთავარი კერძიც კუბდარია.

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

მესტიის შესახებ.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება