ლურჯი ვეშაპი – ყველაზე დიდი მარტოსული.

სამიოდე წლის წინ ამ პოსტის წერას, ალბათ, ასე დავიწყებდი: ამქვეყნდად ყველა დიდი მარტოსულია. ყველაზე დიდიც მარტოსულია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სულაც არა ვარ, მათთან სიახლოვეს მაინც ვგრძნობ. მეც ხომ მარტოსული ვარ…

ახლა კი თემას უფრო რეალისტური ფოკუსიდან შევხედავ. დედამიწაზე სიცოცხლე რამდენიმე მილიარდი წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, არ არსებულა იმაზე დიდი ცოცხალი არსება, ვიდრე ლურჯი ვეშაპია. ეს არც თუ ისე უცნობი სახელია. ნებისმიერ ენციკლოპედიაში წერია ამ გიგანტის შესახებ, მაგრამ მოსალოდნელზე ცოტა. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ მათზე ნადირობა, ვიდრე მათით დავინტერესდებოდით. დაახლოებით 20 წლის წინ ოკეანეებში 300 ათასი ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, დღესდღეობით კი მისი თითქმის 3%–ღა შემორჩა.

ვეშაპი. რა ასოციაციები გვაქვს მასზე?

მსუქანი და მოუქნელი ადამიანი (ფილმიდან “რაჭა ჩემი სიყვარულია”)

ოკეანის თუ ზღვის ბინადარი დიიიიდი რაღაც

თევზი თუ ძუძუმწოვარი?

აი, ის, დიდი კუდი რომ აქვს და წყალში რომ ადგაფუნებს ხოლმე

ძალიან დიდი რაღაც (ალბათ, კოლოსი)

…თქვენც შეგიძლიათ, იფანტაზიოროთ და თქვენეული ვერსიები მომაწოდოთ

კითხვა რომ გავართულოთ და ვთქვათ, რა ასოციაციებს აღძრავს ჩვენში ლურჯი ვეშაპი, აზრი არა აქვს. დიდად არაფერი შეიცვლება. სხვათა შორის, არც ენციკლოპედიებშია რაიმე განსხვავებული მითითებული. ისინიც ასე “დაგატკებით” და ვიღაც–ვიღაცების მონათხრობით მსჯელობენ ყველაზე დიდ არსებაზე, რომელიც ადამიანის თვალმა შეიძლება ოდესმე ნახოს. მიზეზი უკვე ვახსენე.

ამ ცხოველით ბავშვობიდანვე დავინტერესდი, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, მასზე კვლევა–ძიება ჩამეტარებინა. გასულ წელს კი BBC–ის ფილმების უკვე მერამდენედხსენებული ციკლი ვნახე მიღებული შთაბეჭდილებით უკვე სერიოზულად დავფიქრდი. რამდენიმე დღის წინ ვიკიპედიას მივაშურე, მაგრამ სანამ იქაურ ინგლისურ ტექსტს ჩავუჯდებოდი, ჯერ ისევ საკუთარი, ერთ დროს საამაყო საბჭოთა ქართული და რუსული ენციკლოპედიების ტომეულები გადმოვიღე და ასო “ვ”–ზე გადავფურცლე. შედეგად, მხოლოდ ის გავიგე, რომ ვეშაპები დღესაც არსებობენ. გამოცემის თარიღებს რომ დავხედე, აღარ გამკვირვებია: 1975 და 1977 წლები. ცივი ომის პერიოდში საბჭოეთში არა ვეშაპთა კვლევით, არამედ მათზე არალეგალური ნადირობით იყვნენ დაკავებულნი. ისევ ვიკიპედიას მივუბრუნდი.

ლურჯი ვეშაპი იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ისეთივე ჭკვიანია, როგორც დელფინი (ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი არსება

დედამიწაზე). აქამდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზომის ლურჯი ვეშაპი იყო 33 მეტრის სიგრძისა და, დაახლოებით, 200 ტონას იწონიდა. ამ გიგანტის გული 600 კილოგრამს აღწევს, ხოლო აორტას დიამეტრი 23 სანტიმეტრია. მდედრები, ჩვეულებისამებრ, მამრებზე დიდები არიან. არცაა გასაკვირი: აბა, სად უნდა დაიტიო 2700 კილოგრამიანი ვეშაპუნა? 🙂 ახალშობილი დღეში 400 ლიტრ რძეს სვამს, რომელიც ძროხისაზე 6000–ჯერ მსუყეა. ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს პატარას, დღე–ღამეში 90 კილოგრამით მოიმატოს.

ამ ცხოველებს შეუძლიათ 50 კმ/სთ–ის სიჩქარით გადაადგილება, ჩვეულებისამებრ კი 20 კმ/სთ–ით მოძრაობენ. ზრდასრული ვეშაპი, ამოსუნთქვისას, ორთქლის ნაკადს ზედა ყბასთან ახლოს განთავსებული ორად გატიხრული სასუნთქი ხვრელიდან 9–12 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს. ამაში ხელს 5000 ლიტრის მოცულობის ფილტვები უწყობს.

ვეშაპის ამოსუნთქვა

ასეთი დიდი გაბარიტების მქონე არსება კი უმცირესი ზღვის ცხოველებით იკვებება. მას არ შეუძლია ჩვეულებრივ გასაბერ საზღვაო ბურთზე დიდი დიამეტრის მქონე საგნის გადაყლაპვა. ამასთან ერთდ, ლურჯი ვეშაპი მიეკუთვნება ულვაშიან ვეშაპთა რიგს, რომლებიც საკვებს ე.წ. ულვაშებით იჭერენ. ეს ერთგვარი ძვლოვანი ფირფიტებია, რომლებიც ვეშაპთა ზედა ყბაზე კბილის რიგივითაა განთავსებული. როდესაც ვეშაპი პირს აღებს, მასში, საკვებთან ერთად, უამრავი რაოდენობის წყალიც ხვდება. ამ დროს ვეშაპი პირს კეტავს და, 2,7 ტონიანი ენის დახმარებით, წყალს პირიდან სწორედ ულვაშების საშუალებით გამოდევნის, რომლებიც მესერივით ეღობებიან და ხელს უშლიან პირში მოხვედრილ ცხოველებს, გაჰყვნენ გამდინარე წყალს.

კრილი და ზოოპლანქტონი – ლურჯი ვეშაპის ძირითადი საკვებია.

თავიანთი ზომის, სიჩქარისა და ძალიდან გამომდინარე, ლურჯ ვეშაპებს ბუნებრივი მტაცებლები არ ჰყავთ. თუმცა, წყლის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად ამოსულები, ხშირად ემსხვერპლებიან დიდ სატვირთო გემებს ან ტანკერებს, რომლებიც ცხოველებს ეჯახებიან და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. სხვა შემთხვევაში ისინი მეთევზეთა ბადეებში ეხლართებიან. ოკეანეს მრავალჯერ გამოურიყავს მკვდარი ლურჯი ვეშაპი. ამას ემატება აქტიური ბრაკონიერობა და გლობალური დათბობის საშიშროება. თუკი პოლარული ყინულის დნობისას ოკეანეში კრიტიკული რაოდენობის მტკნარი წყალი ჩაიღვრება, ეს მოშლის თბილი და ცივი დინებების ციკლს, რომლებზედაც ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილებაა დამოკიდებული. აღარაფერს ვამბობ მუდამ მოგზაურ ვეშაპთა ბედზე.

ლურჯი ვეშაპები “მღერიან”. ისინი, დელფინების მსგავსად, გამოსცემენ სხვადასხვა სიხშირის ბგერებს, რომელთა ნაწილის აღქმაც ადამიანის სასმენ აპარატს არ შეუძლია. მათს ვოკალიზაციას სიმღერა იმიტომ შეარქვეს, რომ მელოდიურ და, ამავდროულად, უნიკალურ ბგერებს გამოსცემენ. ერთ–ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით ლუჯი ვეშაპი გამოსცემდა 4 სხვადასხვა ნოტს, თითოეულს დაახლოებით 2 წუთის ხანგრძლივობით. ასეთი ხანგრძლივი ვოკალიზაცია, რა თქმა უნდა, უდიდესი მოცულობის ფილტვების დამსახურებაა.

აქ შეგიძლიათ, მოისმინოთ ლურჯი ვეშაპის სიმღერა. აქაც მოუსმინეთ.

რატომ არის ლურჯი ვეშაპი მარტოსული? ეს ისევე უცნობია, როგორც ის ფაქტი, არის თუ არა ლუჯი ვეშაპი მარტოსული ან, ზოგადად, არიან თუ არა ცხოველები მარტოსულები. მეცნიერულად ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ხოლო, როდესაც ხედავ, თუ როგორ ამოყვინთავს ოკეანის ლურჯი უსასრულობიდან დიდი, დინჯი, თითქოს თავისი პრობლემებით დამძიმებული, თითქოს თავისიანთაგან მხოლოდ თვითონ დარჩენილი ლურჯი ვეშაპი და წყლის ორთქლით ძლიერად ამოიოხრებს, ხვდები, რომ ისიც მარტოსულია…

ამ პოსტით, უბრალოდ, მინდოდა, შემეხსენებინა, რომ ამ ქვეყანაზე არიან ისეთი ქმნილებებიც, რომლებსაც, თავიანთი გიგანტური ზომების მიუხედავად, აკვარიუმის თევზებივით სჭირდებათ მოვლა და გაფრთხილება. ლურჯი ვეშაპი, რომელიც მითიური ტიტანების მიერ დედამიწაზე შემთხვევით დატოვებულ ცხოველს წააგავს, წელიწადში ერთხელ ისეთივე იუბილარია, როგორც ნებისმიერი განცალკევებით მდგარი, თვისი გაბარიტების გამო დარცხვენილი “აყლაყუდა”. დაბადების დღეს გილოცავ, ყველაზე დიდო მარტოსულო. 🙂

Published in ბლოგი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

ლურჯი ვეშაპი – ყველაზე დიდი მარტოსული.

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება