დიდგორის ბრძოლა
დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო) — ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან). იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შედგა.


კომენტარები