გალაქტიონ ტაბიᲫის ბიოგრაფია

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.

მამის მხრიდან პოეტის წინაპრები მღვდელმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მე-17 საუკუნეში ანა დედოფალს მიუწვევია თავისი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად. ეს კაცი – სვიმონ ტაბიძე დიდად წიგნიერი ყოფილა, შესანიშნავად სცოდნია ბერნული და არაბული ენები.

ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან.

პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივებულს სანაქებო პატრონობა გაუწევია შვილებისათვის.

მწიგნობრული ტრადიციების მქონე ოჯახში დაბადებული პოეტი წიგნის სიყვარულით იზრდებოდა. რვა წლის ასაკში დედას იგი ქუთაისში წაუყვანია და დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ სკოლაში შეუყვანია. შემდგომ გალაკტიონმა სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1910 წელს გ. ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის – „შუქის“ გამოცემას. გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. ერთხანს ბათუმშიც მუშაობდა მასწავლებლად. 1911 წელს პოეტი ქუთაისში გადავიდა. ამ პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთების – „კოლხიდას“, „თანამედროვე აზრის“ რედაქციებთან.

1912 წელს გ. ტაბიძემ ლიტერატურულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. მისმა ლექსმა – „უხილავი“ პრემია დაიმსახურა.

გალაკტიონის პოპულარულობა დღითიდღე იზრდებოდა.

1912 წელს გალაკტიონმა ქუთაისში გაიცნო ოლღა ოკუჯავა, რომელიც მისი მეუღლე გახდა.

გალაკტიონის პირველი წიგნი გამოვიდა 1914 წელს.

1916 წელს ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალში „ცისფერი ყანწები“ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები, მაგრამ შემდეგ მას უსიამოვნება შეემთხვა ვალერიან გაფრინდაშვილთან და პაოლო იაშვილთან და ჩამოშორდა „ცისფერ ყანწებს“.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო, მატერიალურად მეტად უჭირდა… არ ჰქონდა ბინა, რიგიანი ფეხსაცმელი, პალტოც კი არ გააჩნდა.

1918 წელს გალაკტიონმა მოსკოვში სცენისმოყვარულთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები დაასრულა.

1922 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლომისი“. ამავე პერიოდში გ. ტაბიძემ საკუთარი ლიტერატურული ორგანოც კი დააარსა, რომელსაც „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ უწოდა.

1921-1924 წლებში საქართველოში მომხდარ ტრაგედიას, რუსული ჯარების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, გამოეხმაურა პოემით – „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“. ჟურნალ „მნათობის“ ის ნომერი, სადაც პოემა დაიბეჭდა, გაანადგურეს (რამდენიმე ცალი გადარჩა მხოლოდ), ხოლო გალაკტიონი მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს.

ერთხანს გალაკტიონ ტაბიძე „აკადემიურ მწერალთა ასოციაციის“ წევრი იყო, თუმცა მასში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა.

1928 წელს პოეტის ლიტერატურული მოღვაწეობის 20 წლის იუბილე ჩატარდა, 1933 წელს კი გალაკტიონს სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს და ოპერის თეატრში ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავიც აღნიშნეს. 1935 წელს გალაკტიონმა მწერალთა ანტიფაშისტურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ამ მიზნით პარიზში იმოგზაურა.

1936 წელს პოეტს ლენინის ორდენი მიენიჭა.

მიუხედავად ამ წარმატებული ქრონიკისა, გალაკტიონი ხშირად განიცდიდა უყურადღებობას, როგორც ხელისუფალთა, ისე თანამოკალმეთა მხრიდანაც. ხანდახან პრესაში მტრული გამოხტომები იბეჭდებოდა მის წინააღმდეგ. ყოველივეს დაემატა ისიც, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური ბრალდებით უზბეკეთში გადაასახლეს. მართალია, ოლია ოკუჯავა საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ იგი ხელმეორედ დააპატიმრეს და ამჯერად სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

1944 წელს გალაკტიონი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე… სამგლოვიარო მსვლელობაში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობდა.

გალაკტიონის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. 

Published in ბლოგი
გივი
იცოდი რომ? შენ შეგიძლია გამოაქვეყნო შენი საინტერესო ბლოგ პოსტები NETSHOP -ის სოციალურ პლატფორმაზე და გამოიმუშაო NET ქულები შენს მიერ შექმნილი კონტენტით. გამომუშავებული NET ქულებით კი შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა სახის პროდუქტები NETSHOP -ის პარტნიორ მაღაზიებში, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეავსო მობილურის ბალანსი და ა.შ...

კომენტარები

ვუი, Gift ები ამოგეწურა

როგორც ჩანს ანგარიშზე აღარ გაქვს Gift ები. იმისათვის რომ კვლავ შეძლო სხვებისთვის Gift ების გაგზავნა შეგიძლია შეიძინო სასურველი რაოდენობის Gift ები შენი NET ქულებით

გალაქტიონ ტაბიᲫის ბიოგრაფია

ჯგუფის შექმნა

შეტყობინებები

პროფილის რედაქტირება